მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიცია

პეტრენკო: უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს განიხილავს

Reuters

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პროკურატურა განიხილავს საქართველოს მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მას შემდეგ, რაც მივიღეთ ეს მოთხოვნა, პროკურატურას გადაეგზავნა ყველა მასალა საექსტრადიციო შემოწმებისთვის. ეს წინმხლები ეტაპია. თუკი ეს ეტაპი პოზიტიური დასკვნით დასრულდება, გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ პროცედურების გაგრძელების გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში,"- ამბობს პეტრენკო. 

სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს უკრაინის ვიცეპრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძეც გამოეხმაურა.

"საქართველოს სახელმწიფომ ასევე მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის მოთხოვნით. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც მოგვარდება უკრაინაში კანონდარღვევის თემა, ასევე, დადგება აუცილებლობა, მოგვარდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები ბატონი სააკაშვილისთვის,"- აცხადებს ვიცეპრემიერი.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია. ამჟამად ის ლვოვში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდაჭერების მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება 11 სექტემბერს დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

უკრაინის პოლიციის მტკიცებით, "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას, 11 პოლიციელი დაშავდა.

ქართულმა მხარემ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით 1 სექტემბერს მიმართა. უკრაინულმა მხარემ ერთხელ უკვე უარი განაცხადა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე. 

კომენტარები