შსს: სამუშაოებში უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაციაც ჩაერთვება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფრომაციით, სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

"პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება. 
დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორ ვერტმფრენსა და ერთი თვითმფრინავს ელოდებიან. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის, აბასთუმანში 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. ასევე მოწყბილია ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
 

კომენტარები