ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

უგულავა: მარნეულში იმამკულიევთან უკანონო ბრძოლაში ტიტუშკები არიან ჩართული

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრები ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. გიგი უგულავას თქმით, მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლება ახმედ იმამკულიევთან უკანონო ბრძოლაში არის ჩართული, ტიტუშკებთან და ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. პარტიის ოფისში დღეს ვიდეო-მასალა წარმოადგინეს, სადაც მათი თქმით ჩანს, თუ როგორ მიდიან მარნეულში, იმამკულიევის ხალხთან შეხვედრისას, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილზე ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლების თქმით, ქართული ოცნების მხრიდან საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ბოიდაროვი, კულტურის სახლის თანამშრომელი ფაიკ გოჯაევი, მარნეულის გამგეობის თანამშრომლის ძმა ანარ მამიშოვი და გამგეობის თანამშრომელი მეჰდი კურბანოვი მონაწილეობდნენ.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მარნეულის წინასაარჩევნო სიტუაციაზე. როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლება მთლიანად, მთელი ვერტიკალი ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვნების, ჩაერთო ახმედ იმამკულიევთან ბრძოლაში. უკანონო ბრძოლაში ჩართულები არიან ტიტუშკები. ჩართულის ყველა ძალოვანი სამსახურის და გამგეობის წარმომადგენელი. ჩვენ ამის დამადასტურებელ მასალას საზოგადოებას წარვუდგენთ. ახმედ იმამკულიევმა ორჯერ გაიმარჯვა მარნეულში, 2014 წელს მან გაიმარჯვა და გამარჯვება უსინდისოდ წაართვა ქართულმა ოცნებამ, ასევე 2016 წელს და ეს მთელმა საქართველომ ნახა. ახმედ იმამკულიევმა გაიმარჯვა და ქართულმა ოცნებამ უსინდისოდ, ძალადობით წაართვა გამარჯვება. ზუსტად იგივე მანქანა ამუშავებულია დღესაც და ცდილობს მას და ევროპულ საქართველოს წაართვას გამარჯვება იმ რაიონში, რომელშიც ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვებას. შევეჯიბროთ პატიოსან ორთაბრძოლაში და მე გარწმუნებთ, რომ ოდნავ პატიოსანთან მიახლოებულ ორთაბრძოლაში ახმედ იმამკულიევი გაიმარჯვებს ქართული ოცნების კანდიდატზე. ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მონიტორინგი მარნეულზე. გამომდინარე იმ მძიმე პრაქტიკიდან, რაც ჩვენ ვიცით და ყველა უბანი იქნება გადამოწმებული და ყველა უბანი და ყველა ხმა იქნება დაცული.“ - ამბობს უგულავა.

ახმედ იმამკულიევის თქმით, გამგეობის წარმომადგენლები და სავარაუდო კანდიდატები მის შეხვედრებზე მიდიან და იქ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ.

„ჩვენ გვაქვს საქმე იმ ძალადობრივ პარტიასთან რომელსაც ქვია ქართული ოცნება , რომელიც გვებრძვის ჩვენც და ებრძვის მოსახლეობას ვიწრო პარტიული ინტერესებდიან გამომდინარე. ისინი ხედავენ საქართველოს მომავალს ძალადობაში და ეს ნათელი მაგალითია ეს ვიდეო. ვიდეოში ჩანს რომ ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრებზე დავდივართ და გამგეობის წარმომადგენლები და ასევე ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი მოვიდა შეხვედრაზე და ცდილობდა ფიზიკური დაპირისპირება გამოეწვია. ეს იმის ნათელი მაგალითია რაც მოხდა 2016 წელს მარნეულში.“ - ამბობს იმამკულიევი.

კომენტარები