თაღლითობა

შსს: 4 პირი საკუთარ მანქანებს აზღვევდა და ინსცენირებულ ავტოავარიებს აწყობდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის "უპრეცედენტო ფაქტი" გახსნეს. შსს-ს ცნობით, 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. თაღლითობაში ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა" - აცხადებს შსს.

კომენტარები