ტაქსი

ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვების აღება მოუწევთ

georgiastartshere.com

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. ცვლილებების შედეგად, ტაქსის მძღოლებს ასევე ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის აღების ვალდებულება გაუჩნდებათ. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში სავარაუდოდ 2018 წლიდან შევა.

"რეგულირების პირველი ეტაპი გვინდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება, თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან.

ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში იმ და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია. ეს ნებართვა კი პირველ ეტაპზე უნდა იყოს იმ ღირებულების, რაც მისაღები იქნება მძღოლისთვის. დოკუმენტები, რომელიც მე ჩამოვთვალე არის ის, რაც მგზავრის კომფორტს გაზრდის და ეცოდინება, ვის აჩერებს და ვის უჯდება ტაქსიში. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავალთ",- კვირის პალიტრასთან განაცხადა სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 - 60 000 ტაქსი მოძრაობს. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს. 

კომენტარები