ტაქსი

მერია: ყველა ტაქსის, რომელიც ულიცენზიოდ იმოძრავებს 200 ლარით დავაჯარიმებთ

georgiastartshere.com

"საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით", - წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს.  ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრავონ.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს. თუ ერთ მოსახლეზე ვიანგარიშებთ თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს.

თუ ამ ადამიანებმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს მათ შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია:

ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, შეუძლია მგზავრთა გადაყვანით დაკავდეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, არ მოითხოვება რაიმე სახის სტანდარტების დაკმაყოფილება მძღოლის და მსუბუქი ავტომობილის მიერ, უკონტროლოდ იზრდება ტაქსების რაოდენობა საქართველოს დედაქალაქში, არ არის ცნობილი სატაქსო გადაზიდვებით დაკავებული ადამიანების და გამოყენებული მანქანების რაოდენობა, მგზავრთა გადაყვანის მიზნით გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია (რაც პირდაპირ კავშირშია მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებასთან), არ არის დაცული სისუფთავე, მგზავრთა გადაყვანით დაკავებული მძღოლების ნაწილი არ ფლობს შესაბამის უნარ‐ჩვევებს (ქუჩების/მისამართების ცოდნა).

ვინაიდან ათეულობით წლებია დაურეგულირებელია აღნიშნული სფერო და სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პირველ ეტაპზე მისი რეგულაცია წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად შემოღებულ იქნას საქართველოს დედაქალაქში. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დედაქალაქის თვითმმართველობას მოუწევს მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სფეროს რეგულირების სქემისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ადაპტაციის პერიოდის გათვალისწინებით და მგზავრთა გადაყვანით დაკავებული პირებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზებით, რათა მძღოლების უნარებმა და მსუბუქი ავტომობილების მდგომარეობამ ადაპტაციის პერიოდის დასრულებამდე დააკმაყოფილონ დადგენილი სტანდარტები.

კომენტარები