ვენეციის კომისიის დასკვნა

დოლიძე ვენეციის დასკვნის ტაბულასთვის მიცემაზე: კრიტიკის გადაფარვის მცდელობაა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის ტაბულასთვის მიცემასთან დაკავშირებით. დოლიძის თქმით, სავარაუდოდ, კობახიძე კომისიის კრიტიკული შენიშვნების ამ გზით გადაფარვას ცდილობს.

"სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბატონი კობახიძის მხრიდან სრულიად უსაფუძვლო განცხადება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით. ეს ბრალდებები აბსოლუტურად აბსურდულ ხასიათს იღებს, ხვალ სეტყვა რომ მოვიდეს კახეთში, შეიძლება, ესეც მარგველაშვილს დაბრალდეს. 

მინდა, გითხრათ, რომ ეს განცხადება არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული. მეტსაც გეტყვით, სავარაუდოდ, ეს არის ვენეციის კომისიის საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებების გადაფარვის მცდელობა.

აქედან გამომდინარე, მე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის რეაგირებას და ვთხოვ შინაარსობრივ დისკუსიას იმისა, თუ რა წერია ამ დასკვნაში", - ამბობს დოლიძე.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, აქვს ეჭვი, საიდან მიეწოდა დოკუმენტი ტაბულას.

ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც გუშინ ტაბულამ გაავრცელა, გაკრიტიკებულია ქართული ოცნების შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა, ასევე, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება და შესაძლო ჩანაწერი კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

კომენტარები