ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისია: რეკომენდაციაა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყოს

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია მიესამლება მისი ადრეული შეფასებების გათვალისწინებას და ცვლილებებს კანონში, თუმცა გასცემს რეკომენდაციების რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს გამჭვირვალობისა და კანდიდატების თანასწორობისთვის.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კანდიდატების შერჩევასა და ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ცვლილებებს, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენს კანდიდატების შერჩევის პრინციპს თანასწორობისთვის და ირჩევს კანდიდატებს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ. ასევე ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც საჯაროვდება მათი ვინაობა, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცედურა არ არის სრულყოფილი მექანიზმი, რადგანაც რთულია ხმის მიცემით უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად ღირსეული კანდიდატის დანიშვნა. თუმცა, კომისიის ცნობით, ახლანდელმა გამჭვირვალობის დონემ და შემოთავაზებული გასაჩივრების მექანიზმმა პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.

რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, საკვალიფიკაციო პალატაში და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს, თუმცა ვენეციის კომისია იმეორებს ადრინდელ რეკომენდაციას, განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა. ახალი შემადგენლობა კი იმავე კანდიდატზე ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრდება. გარდა ამისა, მოსამართლის დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს, სანამ საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს რეკომენდაციები გაიცემა, რათა გასაჩივრების პროცედურას აზრი ჰქონდეს.

მიმდინარე მდგომარეობა, როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობას სურს შეინარჩუნონ მიმდინარე პროცესი, რომლის ფარგლებში ინტერვიუები უკვე ჩატარდა ძველი წესებით, მაგრამ ახალი ინტერვიუები ჩატარდება ახალი წესებით, საჭიროებს ფრთხილ მოქმედებას, რადგანაც აღიძვრება მნიშვნელოვანი შეშფოთება კანდიდატების თანასწორობასთან დაკავშირებით. კანდიდატებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფისთვის, შესაძლოა, საჭირო იყოს შერჩევის პროცედურის ხელახალი დაწყება.

ვენეციის კომისიის დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ითხოვა. დასკვნა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომზადდა.


7 აპრილს ევროკავშირის საგარეო ქმედების სააგენტომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადება გაავრცელა. ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა ვენეციის კომისიისთვის მიემართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დახმარების პირობაა მოსამართლეების შერჩევაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებაა.

"საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის" - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით პირველ აპრილს დაამტკიცა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ამავე დღეს ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განიხილეს საქართველოში მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერების საკითხი.

ამ დახმარებაში იგულისხმება 2020 წლის აპრილში ევროკომისიის მიერ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€- მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

კომენტარები