მუსტაფა ემრე ჩაბუქი

თალაკვაძე ჩაბუქზე: როცა არსებობს წამების საფრთხე, პირის გადაცემა არ უნდა მოხდეს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს ეხმაურება. თალაკვაძის თქმით, როცა არსებობს წამების დასაბუთებული საფრთხე, ადამიანის გადაცემა არ უნდა მოხდეს. 

"ჩვენ თვალს ვადევნებთ იმთავითვე ამ შემთხვევას, თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ საქმეს და რა თქმა უნდა აქ გვაქვს მაღალი მოლოდინები, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება და ადამიანის უფლებათა სტანდარტი ამ ადამიანთან დაკავშირებით იქნება დაცული. ჩემი პირადი პოზიცია არის, როდესაც არსებობს წამების დასაბუთებული საფრთხე, რა თქმა უნდა არც ერთი ადამიანის გადაცემა არ უნდა მოხდეს." - ამბობს თალაკვაძე.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები