ოკუპაცია

იური ლუჟკოვის მიმართ კანონის აღსრულების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს ორდენი გადასცა. სექტემბერი, 2016 წ.
AP/Scanpix

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, მიმართ საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" გათვალისწინებული სანქციებით დასასჯელად (ჯარიმა) პეტიცია შეიქმნა. 

იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. გამომდინარე იქიდან, რომ ის ღიად აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ამასთან, მერობის პერიოდში (2006; 2009 წწ) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი საქართველოში ყოფნა კანონდარღვევაა. 

"საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.

ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ!"- წერია პეტიციის ტექსტში, რომლის ადრესატებიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი არიან. 

დღეს ლუჟკოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარიც გააკეთა, რისი თარგმანიც მაუწყებელს ეკუთვნის.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა, მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს.

ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის", - თქვა ლუჟკოვმა მოამბესთან საუბარში.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა თქვა, რომ ლუჟკოვი ქვეყანაში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ ჰქონდა. რაც შეეხება შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  

კომენტარები