საყოველთაო ჯანდაცვა

სერგეენკო: უფასო მედიკამენტების პროგრამით 150-დან 200 ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს

ტაბულა

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიკამენტების პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე", - ასე უპასუხა დავით სერგეენკომ ტაბულას კითხვას თუ რამდენი ბენეფიციარი შეიძლება ჰყავდეს უფასო მედიკამენტების პროგრამას. დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტების გამიჯვნის შესახებ ისაუბრა, აღნიშნული ცვლილება ძალაში დღეიდან შედის. ცვლილებების ფარგლებში ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, სამინისტროს მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ამ პროგრამის მოსარგებლე შესაძლოა გაცილებით უფრო ცოტა მოქალაქე იყოს, ვიდრე ამას ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს. ჭიაბერაშვილის გათვლებით პროგრამის შესაძლო ბენეფციართა რაოდენობა შესაძლოა 5 ათასამდე იყოს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე", - ამბობს დავით სერგეენკო.

ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რის ფარგლებშიც მედიკამენტები გაიცემა ასე გამოიყურება: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
 

კომენტარები