PACE

შესაძლოა, PACE-ის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი გადააყენონ

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის გადაყენებასა და ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს სირიაში ვიზიტისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის გამო.

თავად აგრამუნტი აღიარებს, რომ მისი ვიზიტი მცდარი ნაბიჯი იყო. "შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ვაღიარებ, რომ ვიზიტი არასწორი ნაბიჯი იყო", - ამბობს ის.

PACE-ის პრეზიდენტ აგრამუნტს სიტყვით გამოსვლა დეპუტატებმა ხმაურით არ აცადეს.

20 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი რუსეთის დელეგაციასთან ერთად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

"არ შეიძლება, აგრამუნტი იყოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი იმიტომ, რომ მან დაარღვია ორგანიზაციის პრინციპები. ჩვენ აგრამუნტს მოვუსმენთ და მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. 

აგრამუნტის ვიზიტი რუსეთის დელეგაციასთან ერთად არის ევროპის პოლიტიკური ელიტის სახეში შეფურთხება. ის არ წასულა, როგორც ინდივიდუალური დეპუტატი, ესპანელი კანონმდებელი, არამედ როგორც PACE-ის პრეზიდენტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ასადმა ქიმიური თავდასხმა განახორციელა, რამაც 100 სირიელი, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა", - ჩივიან საპარლამენტო ასამბლეის წევრები.

აგრამუნტი დეპუტატების შეკითხვებს დღეს უპასუხებს.

კომენტარები