PACE

პაპუაშვილი PACE-ზე: სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა შეაპარა ცვლილება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცვლილების "შეპარებას" უწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას. სწორედ ამით ხსნის პაპუაშვილი ფაქტს, რომ რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების რეზოლუციას ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა.

"საქართველოს დელეგაცია თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის, თუმცა, სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა შეაპარა ისეთი ცვლილება, რომლითაც, ფაქტობრივად, თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა – რეზოლუციაში, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას, უკრაინას, შემოიტანეს ვიწრო პოლიტიკური, პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. 

ამ შესწორების ავტორები იყვნენ ნაციონალური მოძრაობა და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, თავად ამ ცვლილების ავტორები აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როდესაც ასეთი ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯები მოხვდა რეზოლუციაში". – თქვა პაპუაშვილმა.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:

"ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)".

კომენტარები