PACE

კობახიძე PACE-ზე: ხუთშაბათისთვის უმრავლესობა სახლში ბრუნდება, ადვილია ცვლილების შეპარება

ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციის, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, მიღება იმიტომ შეძლო, რომ ხუთშაბათს დეპუტატების უმრავლესობა სახლებში დაბრუნდნენ და შესაბამისად ცვლილებების შეპარება ადვილი იყო. 

"ასეთი რამ ახასიათებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ხუთშაბათისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სახლში და რჩება დაახლოებით 20% დეპუტატების. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ 1/3 იყო დარჩენილი ხუთშაბათს და თუ არ ვცდები, საბჭოს ასამბლეის წევრების დაახლოებით 20%-მა დაუჭირა მხარი ცვლილებას და რეზოლუციის საბოლოო ტექსტს. ადვილია ხოლმე ხუთშაბათ დღეს ცვლილებების შეპარება". – თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:

"ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)".

 

კომენტარები