რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: თუ აქიმიძე და დვალი "კაჩაობას" დამიწყებენ, შეთანხმებას საფრთხე დაემუქრება

ipress.ge

"თუ [ჯარჯი] აქიმიძე და [დავით] დვალი ძალიან დამიწყებენ "კაჩაობას" ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეიძლება, შეთანხმებას რამე დაემუქროს" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის მისთვის მიკუთვნების შემთხვევაში, წილის 50%-ს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს დაუთმობს, "ჯერ კიდევ ძალაშია". ქიბარ ხალვაში აღნიშნავს, რომ მას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნია.

"პროკურატურაში მივეცი ჩვენება, რომ წილი ვიყიდე პაატა კარსანიძისგან რაღაც გარკვეულ თანხად, მანამდე რა მოხდა, ვინ ვისთან იძალადა, არავითარი წვლილი არ მაქვს ამაში... იმის შემდეგ ვმეგობრობდით, ყოველთვის იყო ურთიერთგაგება და არავითარი პრეტენზია ერთმანეთთან არ გვქონია. მე უბრალოდ, ადამიანურად ვთვლი, რომ შეიძლება, სამართლიანობის აღდგენაში რაღაც მონაწილეობა მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია დვალის და აქიმიძის მიმართ" - ამბობს ხალვაში.

2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს კი, ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. ხოლო 7 მარტს, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანია მათია. დვალის თქმით, "ხალვაში ერთ-ერთი იყო ჩვენთვის R2-ის წართმევის ამბავში".

კომენტარები