პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

მარგველაშვილი: ბოლო მოვლენებმა კვლავ დაგვანახა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას თქვა, რომ სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ამ სფეროში კრიზისია. მისი მოსაზრებით, აუცილებელია კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობა.

"სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია, მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, ჩემი არაერთი პოლიტიკური განცხადების, თუ ნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის თავად აქტორები თავად მოსამართლები უნდა იყვნენ. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდიანარეობდეს თითოეულ სასამართლოში, დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა და სათათბირო ოთახში. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას სრული დუმილით შემოიფარგლება.

ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია. შემოდგომაზე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს დაადგენს და გამოკვეთს იმ გზებს, რომლითაც ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ. სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინარული მოსაზრებების მოსმენა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, ეს იდეები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდებოდა და შესაძლებლობას მოგვცემდა, მართლაც რევოლუციური გარდატეხა შეგვეტანა სასამართლო სისტემაში", - თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

კომენტარები