უმცირესობების უფლებები

GDI: სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას ეწევიან

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლავ აქტიურად დგას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი შეზღუდვის და დისკრიმინაციის საკითხი და დღემდე პრობლემად რჩება ენობრივი ბარიერი.

„კერძოდ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ურთიერთობის ეფექტიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხება ენობრივი ბარიერის გამო. დღემდე ზოგ რეგიონში არ არის აღმოფხვრილი უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის პრობლემა მათთვის გასაგებ ენაზე საარჩევნო ბიულეტენების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, იკვეთება სახელმწიფო მხრიდან რელგიური უმცირესობების აშკარა დისკრიმინაციის შემთხვევები. როგორიცაა, მოხის ყოფილი მეჩეთის შენობის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, მოხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლე თეონა ბერიძისთვის სკოლაში რელიგიური თავსაფრის ტარების აკრძალვა და სხვა“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) დღეს ორი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა - „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით და „ქალების რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები“.

რაც შეეხება მეორე ანგარიშს, (HRC) (ქვემო ქართლი, კახეთი), გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და მათ მისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე. ასევე ანგარიშის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. ანგარიშში ასევე წერია, რომ რელიგიური უმცირესობებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვება წარმოადგენს.

„ქალთა მიმართ ძალადობის 20 საქმეზე, რომელიც ორგანიზაციამ აწარმოა ადგილობრივ საერთო სასამართლოებში, იკვეთება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და გადაცდომის ფაქტები, ასევე ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოძიების სსკ-ის სპეციალური მუხლებით დაწყება კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის გამომწვევ ფაქტორებში სჭარბობს გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, პატრიარქალური დამოკიდებულებები ქალთა უფლებების შესახებ და ქალთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მათი უფლებების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული ქორწინების პრობლემა და ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე:, - წერია ანგარიშში.

 

კომენტარები