საყოველთაო ჯანდაცვა

სერგეენკო ცვლილებებზე: ადრეც შეიძლებოდა, სადაზღვევოებს რომ მონაცემები მოეცათ

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ შესაძლებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვა დიფერენცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული უფრო ადრეც გამხდარიყო. მინისტრმა ეს „ტაბულას“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დიფერენცირებული, თავისი დასაბამიდანვე, ეს პროექტი იყო. ახლა დაემატა კიდევ უფრო მეტი კომპონენტი, რომელმაც დიფერენცირება კიდევ უფრო საჭიროებაზე ორიენტირებული გახადა. კითხვაზე, შესაძლებელი იყო ამის გაკეთება ადრე, არის დიახ, თუკი სადაზღვევო ინდუსტრია ან სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახური მოგვაწვდიდა მონაცემთა ბაზებს უფრო ადრე, მაგალითად, 2015 წლის ბოლოს, რასაც ჩვენ ვითხოვდით“, - ამბობს დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკოს ახალი ინიციატივის მიხედვით, პირებს, ვისაც თვეში 3.3 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, ანუ წლის მანძილზე 40 ათას ლარზე მაღალი შემოსავალი აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა აღარ შეეძლებათ. დაგეგმილი ცვლილებებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება სოციალურად დაუცველი, დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი პირების საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება: 

1) მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს:

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს (თვეში 3.3 ათას ლარს) აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. მათი რაოდენობა 32 ათასია. ამ მოქალაქეებს ონკოლოგიური დაავადებების სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობაც ეზღუდებათ.

2) საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მოქალაქეებს:

მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც თვეში 900 ლარიდან - 3.3 ათას ლარამდეა, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა 100%-ის ნაცვლად 90%-ით დაუფინანსდებათ. გეგმური სტაციონარული მკურნალობა 1000 ლარზე ნაკლებ შემთხვევაში უფინანსდებათ 70%-ით. ამ მოქალაქეთა რაოდენობა 300 ათასია. 

3) საშუალოზე დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს:

მოქალაქეებს, რომელთაც თვეში 900 ლარზე ნაკლები ან არარეგულირებადი შემოსავლები აქვთ, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა 100%-ის ნაცვლად 50%-ით დაუფინანსდებათ. გეგმური ამბულატორიული მკურნალობის დაფარვა - უცვლელად შენარჩუნდება, გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა - უცვლელად შენარჩუნდება. ამ მოქალაქეებს მიენიჭებათ უპირატესობა, შეინარჩუნონ დაშენებული ტიპის სადაზღვევო პაკეტები. ამ მოქალაქეთა რაოდენობა 1.1 მილიონია.

4) დაბალი შემოსავლების მოქალაქეებსა და მოზარდებს:

მოზარდებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ. ამ მოქალაქეთა რაოდენობა 102 ათასია.

5) პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს და სხვა ჯგუფებს:

სტუდენტებს, ხუთ წლამდე ბავშვებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდებათ და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატებათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის სამკურნალო მედიკამენტებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ამ მოქალაქეთა რაოდენობა 1.7 მილიონია.

6) ორსულებს:

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

დავით სერგეენკოს თქმით, ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე არ დააკონკრეტა, თუ რა თანხის დაზოგვა მოხდება აღნიშნული ცვლილებებით, სერგეენკოს თქმით, ცვლილებების დაგეგმვისას მთავარი ხარჯების ეფექტურად გადანაწილება და არა მათი ეკონომია იყო.

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც მას წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარი დაემატა. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო.


 

კომენტარები