ოკუპირებული რეგიონები

ოკუპირებული აფხაზეთი: საქართველოს შეუძლია განაგრძოს ცხოვრება გამოგონილ სამყაროში

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

მარიონეტული რეჟიმი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს "სუვერენულ აფხაზეთში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

"როგორც არ უნდა იმეცადინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტულ რიტორიკაში, ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სუვერენულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბებული, სუვერენული სახელმწიფოა. ქვეყნისთვის აუცილებელი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტით, რომელიც ცხოვრობს თავისი კანონებით და ურთიერთობების დამყარებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც წარმოადგენენ სოხუმისთვის პრიორიტეტს. თუ საქართველოში ამის შემჩნევა არ უნდათ, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. მათ შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება გამოგონილ სამყაროში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამან ხელი შეუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ აღქმას", - წერია განცხადებაში.

გუშინ, NATO-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ალიანსი ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

ალიანსის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ NATO არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

კომენტარები