აქცია ბათუმში

კალაძე ბათუმის აქციაზე: არავის მივცემთ უფლებას ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში

კახა კალაძე
ქართული ოცნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას "თავისი ბინძური ხელები აფათუროს" ბათუმში.

ამის შესახებ კალაძემ ბათუმში გუშინ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც ის, რაც ვნახეთ. მე ძალიან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს აჭარასთან, ბათუმთან. ბათუმი არის როგორც საკუთარი სახლი, როგორც საკუთარი ოჯახი და არავის მივცემთ იმის საშუალებას და უფლებას, რომ თავისი ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება", - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტების კითხვას ორგანიზატორებთან დაკავშირებით ვიცეპრემიერი პასუხობს, რომ კითხვები იმ ადამიანების მიმართ უნდა დაისვას, ვინც "ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა".

"ორგანიზატორებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ალბათ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი საღამოს, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადება. აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. აი, ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები გააკეთებენ განცხადებას.

ვიცეპრემიერმა მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ გმირულად იმუშავეს.

"შესაბამისი ძალა იქნა გამოყენებული, ყოველგვარი გადამეტების გარეშე", - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა.აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

დღეს ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები