აქცია ბათუმში

კობახიძე: უნდა ჩატარდეს გამოძიება და განისაზღვროს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს.

"ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც განხორციელდა გუშინ ბათუმში",- ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე განისაზღვროს, ვის ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

"რაც შეეხება შეფასებებს, პოლიტიკურს თუ სამართლებრივს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება უკვე, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება",- წერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

კომენტარები