აქცია ბათუმში

ევროპული საქართველო: გუშინდელი ძალადობა ივანიშვილის მმართველობის შედეგია

პარტია მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო ბათუმში გუშინ მომხდარ დაპირსპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიას მიაჩნია, რომ გუშინ მომხდარი ძალადობა სრულიად გაუმართლებელია და გაუმართლებელია ამ ვანდალური პროტესტისთვის ნებისმიერი სახის სოლიდარობის გამოცხადება.

 „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო გმობს 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ძალადობრივ აქტებს. ეს ვანდალური პროტესტი, რომელიც პოლიციის მანქანების დაწვასა და კერძო საკუთრების და საჯარო ქონების განადგურებაში გადაიზარდა, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული  პროცესების განვითარებას და ჩრდილს აყენებს მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციას, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმურ ინსტრუმენტს. გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გაუაზრებელი გამოყენება, ძირითადად კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი.„ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა თავისუფლებისათის - ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების დასაწერად.

„მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება არის იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებმაც გუშინდელი ქაოსი გამოიწვია. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს  ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას - დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას.“ - წერია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს გუშინ აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების  გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა. პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 12 საათიანი არეულობის შემდეგ ბათუმში სიტუაცია გამთენიისას დასტაბილურდა.

კომენტარები