აქცია ბათუმში

მღებრიშვილი: 40-მდე ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს

ტაბულა

ბათუმში თითქმის 12 საათიანი არეულობის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად 40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. რაც შეეხება არეულობის გამომწვევ მიზეზებს, მღებრიშვილი ამბობს, რომ „აქ უფრო სიღრმებში არის ჩასახედი და ჩვენ აუცილებლად ჩავიხედებით გამოძიების ფარგლებში“.

„პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გაცდენია. მინდა გითხრათ რომ ადმინიტრაციული წესით დაკავებული გვყავს დაახლოებით 40-მდე ადამიანი ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება, რამოდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას. გამოძიების შედეგებს და მიმდინარეობას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად გაცნობებთ.“ - ამბობს მღებრიშვილი.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს გუშინ აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების  გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა. პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 12 საათიანი არეულობის შემდეგ ბათუმში სიტუაცია გამთენიისას დასტაბილურდა.

კომენტარები