საბანკო ზედამხედველობა

ქუცნაშვილი საბანკო ზედამხედველობაზე: დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში ვართ

ტაბულა

მთავრობა ქვეყანაში საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ზუსტად იმავე მოდელის დაბრუნებას გეგმავს, რაც 2015 წლამდე, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გატანამდე არსებობდა. პარლამენტს კენჭის საყრელად უკვე გაეგზავნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახლა მხარი უნდა დაუჭირონ იმ კანონის აღდგენას, რის გაუქმებასაც ორი წლის წინ მხარი თავად დაუჭირეს, რაც მათ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით - "უხერხულ მდგომარეობაში" ამყოფებს.

"ზაქარია გადაწყვეტილების მიღებისას ცდილობს, დაეფუძნოს არგუმენტებს და არა სუბიექტებს. არგუმენტირებული უნდა იყოს საკითხი, რადგანაც როდესაც სპეციალური ცოდნა არ გაქვს, რთულია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ვართ, წინა მოწვევის პარლამენტარები, იმიტომ რომ ჩვენივე გუნდის ერთი ნაწილი გვიმტკიცებდა, რომ გატანა სწორი იყო, ახლა ჩვენივე გუნდის მეორე ნაწილი გვიმტკიცებს, რომ ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებაა სწორი", - ამბობს ქუცნაშვილი.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს 2015 წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს. 

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, შესაძლოა, სასამართლოს ვერდიქტის დროისთვის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები აღარც არსებობდეს. 

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

როგორც ცნობილია, სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

კომენტარები