გიორგი მამალაძის საქმე

იურისტი: შორენა თეთრუაშვილს სამართლებრივად დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მისი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. 

"ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში", - განაცხადა ქარჩავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ტაბულას კითხვაზე, დაკითხეს თუ არა საქართველოს საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებიც, პროკურატურაში თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებებზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, "თუმცა დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვაც იქნება საჭირო".

ე.წ. ციანიდის საქმეზე, შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

კომენტარები