რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: პირობას ვდებ, რომ რუსთავი 2 არასდროს იქნება პროსამთავრობო, თუ დამიბრუნდა

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი და ყოფილი მესაკუთრე დავით დვალი ამბობს, რომ ის დღეს ქიბარ ხალვაშს უნდა შეხვედროდა, რათა გაერკვია, კომპანიის წილთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ხალვაში დღეს მას არ შეხმიანებია და შეხვედრა ვერ შედგა.

"ქიბარმა რამდენიმე სხვადასხვა ეთერში რამდენიმე განსხვავებული ვერსია წარმოთქვა. ერთი ის იყო [რასაც შევპირდი, იმას ვუწილადებ], მეორე ფრაზა ის იყო, რასაც დაიმსახურებს, იმას მიიღებსო და მესამე, ჩვენ ვიცით და მოვილაპარაკებთო. მთლიანად არ მინდა, ჩვენ 60%-ისთვის ვიბრძვით, რომელიც ჩვენი იყო და არანაირი პრეტენზია არა გვაქვს დანარჩენ პროცენტებზე. ამის შემდეგ ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა კომუნიკაცია, გუშინ ერთმანეთს შევეხმიანეთ, დავთქვით, რომ დღეს შევხვდებოდით და ვილაპარაკებდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს, რას გულისხმობს. თუმცა, დღეს არ გამოჩენილა, ეს შეხვედრა არ შედგა და აქედან გამომდინარე, ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი,"- ამბობს დვალი. 

დვალი, ასევე, აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია მას გადაეცემა, ის არასდროს იქნება პროსამთავრობო. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა.

"გამოდის ისე, რომ ერთი მხარე სულ ყოველთვის იძახის, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ეს საკუთრებაზეა ლაპარაკი და თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ ილაპარაკოთ სიტყვის თავისუფლებას პრობლემა ექმნება თუ არა. მეორე მხარე მთლიანად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ესაა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ა.შ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია. მიუღებელია, რომ ერთის ჩანაცვლება მეორეთი ხდება, რასაც ვხედავ, ვთქვათ, იგივე რუსთავი 2-ის მენეჯმენტის მხრიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ მთლიანად გააქრეს ის საკითხი, რომ უკანონო მფლობელების ხელშია ტელევიზია და ყველაფერი არის ჩანაცვლებული იმით, რომ სახელმწიფო ებრძვის მათ. 

არასდროს ჩემი დირექტორობის, მენეჯმენტის, მფლობელობის დროს, რუსთავი 2 პროსამთავრობო არ ყოფილა. მე პირობას ვდებ, რომ არასდროს არ იქნება, თუ ისე გამოვიდა, რომ მე, ვთქვათ, დამიბრუნდა რუსთავი 2 და ყველაფერი ისე წავიდა," - ამბობს დავით დვალი. 

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის შენობის წინ პროტესტი და კარვების გაშლა მოჰყვა. დღეს სტრასბურგის სასამართლომ 8 მარტამდე აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 


 

კომენტარები