დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და მზადაა, ჩვენება მისცეს გამოძიებას

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაარღვევს დუმილის უფლებას და მზად არის, ჩვენება მისცეს გამოძიებას. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს დეკანოზი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდეს.

"მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და მზად არის, ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოებს და უკვე სრულყოფილად დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. რა ბრალდებაც აქვს წაყენებული, თავს უდანაშაულოდ ცნობს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ აღარ არსებობს დანაშაული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება იმიტომ, რომ თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე", - ამბობს ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილმა გუშინ, გადაცემა არჩევანში თქვა, რომ დაკავების შემდეგ, სანამ მამა გიორგის გაჩხრეკდნენ, სამართალდამცველები პირდაპირ ეუბნებოდნენ "ვიცით, პატრიარქის მოწამლვას რომ აპირებდი". მისივე თქმით, ბრალდებულს ბარგი დაახლოებით 7 საათის შემდეგ მიუტანეს და ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ზუსტად იცოდნენ, სად იდო ნივთი, რომელსაც ეძებდნენ. 

კომენტარები