იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "ძალოვანმა სტრუქტურებმა ქვეყანას ძალიან დიდი ტრაგედია ააცილეს". თუმცა, მინისტრი ამჯერად ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და უტყუარი ფაქტი ისაა, რომ "ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში".
"ჩვენ - ძალოვანმა სტრუქტურებმა, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, ქვეყანას ავაცილეთ თავიდან ძალიან დიდი ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, სახეზეა. უტყუარი არის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიებების შედეგად, ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში. ეს არის ფაქტი", - თქვა წულუკიანმა.
დღეს, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადების საპირისპიროდ, გავრცელდა პროკურატურის ინფორმაცია, რომ "პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა."
აქამდე, წულუკიანი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამბობდა - "ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობას ედავება, რისთვისაც, უწყების მტკიცებით, დეკანოზმა შხამიანი ნივთიერება ციანიდი მოიპოვა და გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც, იმ დროისთვის, კათალიკოს-პატრიარქი მკურნალობდა.





