საქართველოს საპატრიარქო

სდსს-ის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ადასტურებს

რუსთავი 2

საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. რუსთავი ორის ცნობით, ამ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს. სდსს-ის ხელმძღვანელის თქმით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. კონკრეტულად რა ფაქტზეა დაწყებული გამოძიება, ანზორ ჩუბინიძე არ საუბრობს. კომენტარს ჯერჯერობით, არც პროკურატურა აკეთებს.

"რაც შეიძლება გავახმოვანოთ, არის ის, რომ მამალაძე არის დაკავებული. სხვა ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გააკეთონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, მე პასუხს ვაგებ უსაფრთხოებაზე", - თქვა, რუსთავი ორის ცნობით, ჩუბინიძემ ბერლინში, სადაც დღეს, პატრიარქს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

"ჩვენ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ჩამოვსულიყავით და გვენახა მდგომარეობა პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მე პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა", - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე. 

რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სოსო ოხანაშვილის დაკითხვას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ოხანაშვილთან საგამოძიებო უწყებებს კითხვები აღარ აქვთ. 

"ჯობია, თქვას სოსომ [რასთან დაკავშირებით დაკითხეს], მაგრამ მე ვფიქრობ, სოსომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას ყველანაირად ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის სწორად ფუნქციონირებას, სოსო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივად, სოსოთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის", - თქვა ანზორ ჩუბინიძემ. 

რუსთავი ორის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები