ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს შენობის ნაწილის დემონტაჟი, შესაძლოა, დღეს დაიწყოს

ტაბულა

ბავშვთა სამყაროს შენობის ნაწილის დემონტაჟი, შესაძლოა, დღეს დაიწყოს. შენობა თბილისის მერიისა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფებმა უკვე დაათვალიერეს.

თბილისის ვიცემერის ლაშა აბაშიძის თქმით, უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს განახორციელებს, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს დემონტაჟი ცეცხლის მთლიანად ლიკვიდირებამდე ვერ დაიწყება.

დაკვამლიანების ცალკეული კერები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის ჩაქრობას უახლოეს საათებში ვარაუდობენ. 

ამასთან, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან მოვაჭრეები. ისინი შენობაში შესვლას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ითხოვენ. მათ მთავრობას 13:00 საათამდე მისცეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის სხვადასხვა ფორმით იმუქრებიან.

ამასთან, დღეს ბავშვთა სამყაროს საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარების და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ. 

ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბავშვთა სამყაროს შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, შენობას ცეცხლი ბაზრის ტერიტორიიდან მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები