გიორგი ცერცვაძის დაკავება

ქართულმა ლეგიონმა უკრაინის პროკურატურას ცერცვაძეზე დოკუმენტი გაუგზავნა

გიორგი ცერცვაძე

უკრაინაში ქართველთა ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უკვე გაუგზავნა უკრაინის პროკურატურას დოკუმენტი, რომელშიც ადასტურებს, რომ ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წლების მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მამულაშვილის თქმით, შესაბამის დასტურს გენერალური პროკურორი იური ლუცენკო როგორც ზეპირად, ასევე წერილობით ითხოვდა.

როგორც რუსთავი 2-თან საუბარში მამულაშვილმა თქვა, "გარკვეული შეპირება მივიღეთ, რომ ცერცვაძეს სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ".

ხვალინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლების გარანტია იური ლუცენკოსგან გუშინ გივი თარგამაძემაც მიიღო, თუ იარსებებდა მტკიცებულება, რომ ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა.

ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები