მდინარაძე Gazprom-ზე: უმცირესობა კალაძის დაბარებით შიდა თემების გადაფარვას ცდილობს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის მამუკა მდინარაძის შეფასებით, გაზპრომთან ახალ ხელშეკრულებაზე ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. მისი თქმით, უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარებით "შიდა თემების გადაფარვას" ცდილობს.

"აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, საზოგადოების თითოეულ წევრს ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობა და ამიტომ არის არარელევანტური", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების პირობების გამო, საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში დაიბარა.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა. კახა კალაძე კი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა, მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები