ხეების ჭრა

IDFI: ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეჭვი ჩნდება

ალეკო ელისაშვილი/Fb.com

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. თუმცა, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ინფორმაციას ამის შესახებ IDFI ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობის, ხეების მოსაჭრელად გაცემული ნებართვების, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობისა და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცი თბილისის მერიისგან 2016 წლის ზაფხულში გამოითხოვა.


მშენებლობის ნებართვების სტატისტიკა

2011 – 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე სულ 1,747 ნებართვა გაიცა.
 
ყველაზე მეტი ნებართვა 2011 წელს გაიცა (375). 2012 წელს ეს რიცხვი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა.

„2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა”, - ამბობენ IDFI-ში.

 

ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვები

IDFI-ის ინფორმაციით, მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების შესახებ მოთხოვნის პასუხად, დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად, თბილისის მერიამ „ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის” მიერ 2011-2016 წლებში გაცემული ნებართვების ასლები წარმოადგინა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიის პასუხის თანახმად, 2011-2012 წლებში გაცემული ნებართვების ნაწილის მოძიება მათ მონაცემთა ბაზაში ვერ მოხერხდა.
 
IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.
 
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, დაზიანებული ხეების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი; 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111; 2014 წელს 809 ხიდან - 80; ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.

„სამწუხაროდ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების ასლებიდან, ხშირ შემთხვევაში, არ ირკვევა, თუ რა მიზნით ითხოვდა განმცხადებელი ხის მოჭრის ნებართვას. შესაბამისად, IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის შესწავლით სრულყოფილად ვერ იქნა გამოვლენილი, თუ რამდენი ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობის მიზნით”, - აცხადებენ IDFI-ში.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან, 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა გაიცა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით. 2016 წელს (16 აგვისტოს მდგომარეობით) გაცემული ნებართვების 30% (35) მოდის მშენებლობაზე; 2015 – 76% (132); 2014 – 87% (108); 2013 – 68% (117).


 
თბილისის შემოსავალი ნებართვების გაცემიდან

IDFI-ის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1,947,282 ლარი, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 
 
2011 – 46,844 ლარი
2012 – 89,836 ლარი
2013 – 184,207 ლარი
2014 – 263,813 ლარი
2015 – 695,804 ლარი
2016 (5 სექტემბრის მდგომარეობით) – 666,778 ლარი

 

მშენებლობის მიზეზით უკანონოდ მოჭრილი ხეები
  

IDFI-ში აცხადებენ, რომ მშენებლობის მიზეზით უკანონოდ მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ ორგანზიაციას მხოლოდ 2014-2016 წლებში მსგავსი შემთხვევების სააღრიცხვო დოკუმენტები მიწოდა.

„სამწუხაროდ, აღნიშნული დოკუმენტაციის შემთხვევაშიც ინსტიტუტს არ ეძლევა საშუალება მოახდინოს იდენტიფიცირება თუ რამდენი ხე იქნა მოჭრილი უკანონოდ უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და კომერციული ობიექტების მშენებლობებთან დაკავშირებით”, - აცხადებენ ორგანზიაციაში.
 
მერიის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში თბილისის მერიის მიერ სულ აღრიცხულია 1,823 ხე-მცენარის უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შემთხვევა, საიდანაც 2016 წელს ფიქსირდება - 274; 2015 წელს - 839; ხოლო 2014 წელს - 710.
 
„თბილისის მერიის შეფასებით, 2015-2016 წლებში (31 აგვისტოს მდგომარეობით) უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შედეგად ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა 1,104,713 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია IDFI-ს ანალიზში.


რამდენად კეთილსინდისიერად ენიჭება ხეს დაზიანებულის სტატუსი

IDFI-ის აზრით, ის ფაქტი, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭება.
 
„მაგალითად, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია 2016 წლის  ზაფხულში ყაზბეგის 22-ში მოჭრილმა ხეებმა. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ მოიჭრა საღი ხეები. მათ ეჭვქვეშ დააყენეს ის დასკვნა, რომლითაც ამ ხეებს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 19 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.


ახალი საკანონმდებლო ცვლილების რისკები

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. 

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში საუბარია კომპანია m2-ის საკანონმდებლო წინადადებაზეც, რომელიც ითვალისწინებს დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრას „ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.“

ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დაკავშირებულია რისკებთან, მით უმეტეს,  რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 2014-2016 წლებში კომპანია m2-ის მიერ 94 ხის მოჭრაზე მოთხოვნილი ნებართვიდან, მხოლოდ 4 ხე იყო დაზიანებული.
IDFI შემდეგ რისკებზე საუბრობს:

  • სამშენებლო კომპანიებს გაუჩნდებათ ცდუნება, ხელოვნურად დააზიანონ საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ხეები, მოსაკრებლის გადახდისგან თავის არიდების მიზნით;
  • მნიშვნელოვნად შემცირდება ქალაქ თბილისში ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვებით მიღებული შემოსავალი. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 8 თვეში ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვებიდან, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 666,778 ლარი, დაახლოებით 70% შემთხვევაში დაფიქსირებულია, რომ ნებართვა გაცემულია დაზიანებული ხის მოჭრაზე;
  • გაიზრდება ქალაქ თბილისის მერიაში კორუფციის რისკები ხის ვარგისიანობის სტატუსის მინიჭების პროცესში. 

კომენტარები