თავდაცვის სამინისტრო

იზორია: კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე შეჭრის მოტივი ქურდობა იყო

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, კრწანისის სასწავლო ცენტრში 23 ოქტომბერს რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო. ამის შესახებ იზორიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

"უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და, შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის ალბათ არსებითი განხილვა", - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი ოქტომბერში დილით შეიჭრა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებლად გაისროლა, რასაც 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ემსხვერპლა. მინისტრის შეფასებით, გუშაგი ნორმების დაცვით მოიქცა.

კომენტარები