ტრანსპორტი

ლექვინაძე: მოვუწოდებთ თბილისის მიკროავტობუსს, არ გაზარდონ ტარიფი

ირაკლი ლექვინაძე
ტაბულა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მიკროავტობუსების ოპერატორ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების ზრდისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ლექვინაძე ასევე ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული კონტრაქტით, მერიას "თბილისის მიკროავტობუსის" სატარიფო პოლიტიკაზე იურიდიულად რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია.

"მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს, აქ ტარიფის გაზრდა არ განიხილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი, იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2010 წელს გაფორმდა, არანაირი ბერკეტი თბილისის მერიას არ აქვს, რომ ტარიფზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს, ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი. ჩვენ მოვუწოდებთ სამარშუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ თბილისელებისთვის არ მოახდინოს ტარიფების გაძვირება. ეს ბუნებრივია არ იქნება კარგი მოსახლეობისთვის. თუმცა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩვენ ამაზე რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ, არ გვაქვს. 

საწვავზე აქციზის გაძვირება ბუნებრივია ნიშნავს, რომ საწვავის ფასები გარკვეულწილად გაიზრდება. თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, ეს არის ავტობუსები და მეტრო, აქ ტარიფის ზრდას ჩვენ არ განვიხილავთ. 

ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდია არის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულების დასაფინანსებლად, ესაა 60 მილიონ ლარზე მეტი. თუ გახდება საჭიროება, ჩვენ თანხას დავამატებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიური მიმართულებით ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს და ბუნებრივია ამას გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები