კრიმინალი

გახსნილი დანაშაულების რაოდენობა 40%-მდე შემცირდა, კრიმინალი კი 6.7%-ით გაიზარდა

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

2016 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობამ 32.6 ათასი შეადგინა, ეს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2125 კრიმინალური ფაქტით, ანუ 6.7%-ით მეტია. ამის შესახებ ტაბულას მიერ შსს-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. ამავე სტატისტიკიდან ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. ჩადენილი 32.6 ათასი დანაშაულიდან, 13 ათასი შემთხვევაა გახსნილი, რაც საერთო დანაშაულთა 40%-ს შეადგენს, გასულ წელს კი გახსნის მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. შსს კრიმინალის სტატისტიკას მის საკუთარ სტატისტიკის პორტალზე იანვრის შემდგომ აღარ აქვეყნებს.

განზრახ მკვლელობა +23%

23%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი. შსს-ს ცნობით, წელს 68 განზრახ მკვლელობის (2015 წელს 55), 65 მკვლელობის მცდელობის (2015 წელს 61) ფაქტი აღირიცხა. ასევე აღირიცხა 11 მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (2015 წელს 11). გამოვლენილი 68 განზრახ მკვლელობიდან გახსნილია 55 შემთხვევა, რაც ამ კატეგორიით აღძრულ საქმეთა 75%-ს შეადგენს, გასულ წელს მკვლელობათა გახსნის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა.

დაჭრა და ჯანმრთელობის დაზიანება +7.5%

7.5%-ით გაიზარდა დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებულია დაჭრის ფაქტები და სხვა სახის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულები ჯანმრთელობის წინააღმდეგ. იანვარ-ოქტომბერში მოხდა 4008 ჯანმრთელობის დაზიანების კრიმინალური ფაქტი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3725-ს შეადგენდა. 4 ათასი აღძრული საქმიდან გახსნილია 2 ათასი შემთხვევა, რაც ამ დანაშაულთა 50%-ს შეადგენს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 53.9%-ს შეადგენდა.

ოჯახური ძალადობა +7%

წელს 7%-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის რაოდენობა. სულ შსს-ში 1234 ოჯახური ძალადობის ფაქტია გამოვლენილი, გასულ წელს ამ დანაშაულთა რაოდენობა 1153-ს შეადგენდა. აღრიცხული 1234 დანაშაულიდან პოლიციამ მხოლოდ 658 ოჯახური ძალადობის შემთხვევა გახსნა, რაც ამ დანაშაულთა 53%-ს შეადგენს, წინა წელს კი ოჯახური ძალადობის გახსნის მაჩვენებელი 67% იყო.

გაუპატიურება +0.1%

იანვარ-ოქტომბერში აღირიცხა 67 გაუპატიურების ფაქტი, ეს წინა წელთან შედარებით 1 გაუპატიურებით მეტია. აღრიცხული 67 გაუპატიურებიდან გახსნილია 16 შემთხვევა, რაც აღრიცხული დანაშაულების 23%-ს შეადგენს, გასულ წელს გაუპატიურების გახსნის მაჩვენებელი 38%-ს შეადგენდა.

ქურდობა +10%

შსს-ს ცნობით, 10%-ით გაიზარდა რეგისტრირებული ქურდობების რაოდენობა. წელს 7795 ქურდობა აღირიცხა, გასულ წელს რეგისტრირებული ქურდობების რაოდენობა კი 7037-ს შეადგენდა. პოლიციის მიერ აღრიცხული 7.8 ათასი ქურდობიდან, პოლიციამ 3 ათასი ქურდობა გახსნა, რაც ამ დანაშაულთა 38%-ს შეადგენს. 2015 წელს ქურდობის გახსნის მაჩვენებელი 43%-ს შეადგენდა.

ძარცვა +12.6%

იანვარ-ოქტომბერში 302 ძარცვის შემთხვევა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 12.6%-ით, ანუ 34 შემთხვევით მეტია. აღრიცხული შემთხვევებიდან პოლიციამ 213 ძარცვა გახსნა, რაც ამ დანაშაულთა 70%-ს შეადგენს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 72.7%-ზე იყო.

ყაჩაღობა +15.5%

წელს 186 ყაჩაღობის შემთხვევა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.5%-ით, ანუ 25 დაყაჩაღების შემთხვევით მეტია. აღრიცხული ყაჩაღობიდან სულ 105 შემთხვევაა გახსნილი, რაც 56%-ს შეადგენს, გასულ წელს ამ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.

ხულიგნობა +13%

იანვარ-ოქტომბერში პოლიციამ 69 ხულიგნობის ფაქტი აღრიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 8 შემთხვევით, ანუ 13%-ით მეტია. პოლიციამ 49 ხულიგნობის შემთხვევა გახსნა, რაც ამ დანაშაულთა 71%-ს შეადგენს, 2015 წელს ხულიგნობის გახსნის მაჩვენებელი 81%-ზე იყო.

ნარკოდანაშაული +8.2%

იანვარ-ოქტომბერში შსს-მა სულ 4199 ნარკოდანაშაული გამოავლინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.2%-ით, ანუ 319 დანაშაულით მეტია. რაც შეეხება ნარკოდანაშაულის გახსნის მაჩვენებელს წელს ის 85%-ზეა, გასულ წელს ეს ნიშნული 84%-ზე იყო.

თაღლითობა +5.6%

პოლიციამ წელს 939 თაღლითობის შემთხვევა გამოავლინა, რაც წინა წელთან შედარებით, 50 აღრიცხული თაღლითობით, ანუ 5.6%-ით მეტია. პოლიციამ 360 თაღლითობის შემთხვევა გახსნა, რაც მთლიანი ოდენობის 38%-ია, გასულ წელს თაღლითობის გახსნის მაჩვენებელი 1%-ით მეტი იყო.

კომენტარები