თბილისის მეტრო

ვარკეთილის, სამგორის და ისნის მეტროსადგურებზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

რუსთავი 2

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს ყველა სადგურზე 11:18 საათიდან, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგა. კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე, მეტროს ყველა სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.

"მოძრაობა სრულად აღდგა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერტიულად შეძლეს მეტროსადგურ “სამგორში” არსებული ძაბვის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრა", – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

09:55-დან, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, მატარებლები მხოლოდ ახმეტელის თეატრიდან სამას არაგველამდე (და პირიქით) მოძრაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვარკეთილსა და სამგორს შორის გვირაბში ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

"ვაგონში გაითიშა ელექტროენერგია და ერთი მგზავრი სტრესის გამო ცუდად გახდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. გაჩერებულ ვაგონში მგზავრები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდით, შემდეგ კი მატარებლიდან გადმოვედით და უახლოეს სადგურამდე გვირაბში ფეხით ვიარეთ. მგზავრები მეტროპოლიტენ სამგორის სადგურზე ამოგვიყვანეს", - უთხრა ინტერპრესნიუსს ერთ-ერთმა მგზავრმა გოგა თირქიამ.

კომენტარები