თბილისის მეტრო

ვარკეთილიდან 300 არაგველამდე მეტრო არ მუშაობს, მგზავრები გვირაბიდან ფეხით გამოვიდნენ

საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, მეტროსადგური სამგორი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მატარებლები მხოლოდ ახმეტელის თეატრიდან სამას არაგველამდე (და პირიქით) მოძრაობენ.

"მეტროს სადგური „სამგორი“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვარკეთილსა და სამგორს შორის გვირაბში ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

"ვაგონში გაითიშა ელექტროენერგია და ერთი მგზავრი სტრესის გამო ცუდად გახდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. გაჩერებულ ვაგონში მგზავრები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდით, შემდეგ კი მატარებლიდან გადმოვედით და უახლოეს სადგურამდე გვირაბში ფეხით ვიარეთ. მგზავრები მეტროპოლიტენ სამგორის სადგურზე ამოგვიყვანეს", - უთხრა ინტერპრესნიუსს ერთ-ერთმა მგზავრმა გოგა თირქიამ.

კომენტარები