ტრანსპორტი

ხადური: არ ვსარგებლობ Yandex Taxi-ს მომსახურებით

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური
ტაბულა

კონკურენციის სააგენტომ Yandex Taxi-ს საქმიანობის წინასწარი შესწავლა დაიწყო, ამის შესახებ დღეს სააგენტოს ახალდანიშნულმა უფროსმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ხადურის თქმით, მართალია, Yandex Taxi-ს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი დაზუსტებას საჭიროებდა, მაგრამ სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვთხოვეთ დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს და ჩვენ შევისწავლეთ კანონმდებლობის შესაბამისად ანუ იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც დღეს გააჩნია კონკურენციის სააგენტოს. დანარჩენზე ალბათ ცოტა ნაადრევია საუბარი. არა, ნამდვილად არ ვსარგებლობ Yandex Taxi-ს მომსახურებით", - ამბობს ნოდარ ხადური. 

ბაზარზე ახლად შემოსულ რუსულ კომპანია Yandex Taxi-ს ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ და კონკურენციის სააგენტოში უჩივიან. კონკურენციის სააგენტოში საჩივარი ტაქსი 200 200-მა შეიტანა.

Yandex Taxi ქართულ ბაზარზე ზაფხულის ბოლოს შემოვიდა, კომპანიაში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. ამ ფასში შედის მგზავრობა 2 კილომეტრზე, ეს კი თბილისის ცენტრალურ უბნებში გადაადგილებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი ტარიფია.

ტაქსი 200 200-ის საჩივრის ერთ-ერთი მიზეზი მძღოლთა ახალ კომპანიაში გადადინება იყო. იმის გამო, რომ Yandex Taxi-ს კლიენტთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, სხვა კომპანიების მძღოლებისთვის ახალ კომპანიაში გადასვლა მოგებიანი აღმოჩნდა.

ტაქსი 200 200-ის დირექტორი ნიკა ხოფერია რეზონანსთან საუბარში ამბობს, რომ მათი თანამშრომლების 80% Yandex Taxi-ში გადავიდა, რის გამოც მათ საქმიანობას ხელი მნიშვნელოვნად შეეშალა.

საჩივრის შეტანის შემდეგ, კონკურენციის სააგენტოს მოუწევს მსჯელობა, დაბალი ტარიფების დაწესებით დაარღვია თუ არა Yandex Taxi-მ საქართველოს კანონმდებლობა. უშუალოდ დემპინგი საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული არაა, თუმცა განსაზღვრულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. თუმცა იმისთვის, რათა ამ მუხლით წარიმართოს გამოძიება, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა Yandex Taxi-ს თბილისის სატაქსო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა.

უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენციის სააგენტო, თუმცა, თუკი კომპანია დაჯარიმდება და მას დაბალი ტარიფებით ოპერირება აეკრძალება, ამით მხოლოდ მოსახლეობა დაზარალდება, რადგანაც ბაზარზე დარჩებიან კომპანიები, რომლებიც ამ მომსახურებას შედარებით ძვირად აწვდიან მომხმარებლებს.

როდესაც Yandex Taxi საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, კომპანიის აპლიკაციის რუკაზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მოხსენიებული.

კომენტარები