თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან იზორიას საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი მოსმენისას საპარლამენტო უმცირესობიდან ჰკითხეს, რატომ არ დაესწრო ბრიუსელში ოქტომბერში გამართულ თავდაცვის მინისტერიალს, სადაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემა განიხილებოდა. იზორიას თქმით, მისი ბრიუსელში ჩასვლა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.
"საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის შევთანხმდით, რომ შედგება NATO-საქართველოს კომისია, მანამდე NATO-ც უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ამას თებერვალში განვიხილავთ. იქ ჩემი ჩასვლა, უბრალო მოსმენა და ჩამოსვლა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, თუ სერიოზულად და საგნობრივად მივუდგებით საკითხს, თებერვალში შევხვდებით ამ თემაზე", - თქვა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, 3 დღეში ბრიუსელში დელეგაციასთან ერთად ჩავა, თუმცა, შავი ზღვის უსაფრთხოების თემა მხოლოდ თებერვალში განიხილება. იზორია ამბობს, რომ ოქტომბერში გამართულ მინისტერიალზე "იქ ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავდი".
27 ოქტომბერს ევროპის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იმსჯელეს.





