საქართველოს პარლამენტი

ვინ აირჩიეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებად

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩია. ოპოზიციის კვოტით, სამ კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი გახდა, დანარჩენ კომიტეტებში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. ასევე, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს.

პარლამენტს დღეს მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები არ აურჩევია. გთავაზობთ დეტალურად:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი

თავმჯდომარე - სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია; მოადგილეები - წინა მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული (ქართული ოცნება), კახეთის ყოფილი გუბერნატორი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი (ქართული ოცნება), მე-7 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი ლაშა დამენია (ენმ).

განათლების კომიტეტი 

თავმჯდომარე - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში, მოადგილეები - ქუთაისის მაჟორიტარი გენადი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) და სერგო რატიანი (ენმ). (უმრავლესობის კვოტით, კომიტეტი კიდევ ერთ მოადგილეს შემდეგ სხდომაზე აირჩევს).

გარემოს დაცვის კომიტეტი

თავმჯდომარე - სამართალმცოდნე კახა კუჭავა; მოადგილეები - მომღერალი ზაზა ხუციშვილი (ქართული ოცნება), ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი (ქართული ოცნება) და ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე (ენმ).

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი

თავმჯდომარე - ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან კაკულია; მოადგილეები - ენერგეტიკოსი, V მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან რევაზ არველაძე (ქართული ოცნება), რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე (ქართული ოცნება) და ბიზნესმენი გელა მიქაძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი).

დიასპორის კომიტეტი

თავმჯდომარე - წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე; მოადგილეები - სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი), ირაკლი მეზურნიშვილი (ქართული ოცნება) და ციხის კადრების ერთ-ერთი გამავრცელებელი გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი).

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

თავმჯდომარე - სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე თამარ ხულორდავა; მოადგილეები - ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი  (ქართული ოცნება), პოლიტსაბჭოს წევრი ირინა ფრუიძე (ქართული ოცნება), სამი მოწვევის პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი (ენმ).

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი

თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ამავე პოსტს იკავებდა. მოადგილეები - ჯერ არ აურჩევიათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

თავმჯდომარე - წინა მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; მოადგილეები - კონტროლის პალატის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი (ქართული ოცნება). ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილის მეპატრონე, V მოწვევის პარლამენტის წევრი ბლოკ "საქართველოს აღორძინებიდან", ნატო ჩხეიძე (პატრიოტთა ალიანსი). (უმრავლესობის კვოტით, კომიტეტი კიდევ ერთ მოადგილეს შემდეგ სხდომაზე აირჩევს).

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი

თავმჯდომარე - თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი გიორგი ლილუაშვილი; მოადგილეები - ერეკლე ტრიპოლსკი (ქართული ოცნება), ზუგდიდის მაჟორიტარი, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია (ქართული ოცნება) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ჩიქოვანი (ენმ).

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა; მოადგილეები - ქართული ოცნების საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი, საბურთალოს მაჟორიტარი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ ყოფილი თავმჯდომარე ნინო გოგუაძე (ქართული ოცნება) და დიპლომატი სალომე სამადაშვილი (ენმ). 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იგივე პოსტს იკავებდა; მოადგილეები - შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება), ორი მოწვევის პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) და ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი (ენმ).

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

თავმჯდომარე - საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, VI მოწვევის პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაძე; მოადგილეები - ეკონომისტი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი, საჩხერის ყოფილი პრეფექტი პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება), ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) და ეკონომისტი, სამი მოწვევის პარლამენტარი, ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი რომან გოცირიძე (ენმ).

ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი

თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. მოადგილეები - მცხეთის მაჟორიტარი, წინა მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება), გლდანის და მუხიანის მაჟორიტარი ლევან კობერიძე (ქართული ოცნება), ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი (ენმ).

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

თავმჯდომარე - შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, საზოგადოება 2030-ის ანალიტიკოსი, ნაძალადევის მაჟორიტარი სოფო კილაძე; მოადგილეები - გედევან ფოფხაძე  (ქართული ოცნება), თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი რატი იონათამაშვილი (ქართული ოცნება), ყოფილი სახალხო დაცველი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში (ენმ).

სპორტის კომიტეტი

თავმჯდომარე - ფეხბურთელი, ნაძალადევის მაჟორიტარი მიხეილ ყაველაშვილი. მოადგილეები - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება), მორაგბე ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება), ზაზა კედელაშვილი (ენმ).

კომენტარები