რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოს ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით მიმართეს

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოს ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით მიმართეს. ტელეკომპანიის იურისტების თქმით, ვინაიდან ქიბარ ხალვაშის მხარე აღარ აცხადებდა პრეტენზიას ლოგოსა და რამდენიმე საერთაშორისო პროექტის ავტორობაზე, სააპელაციო სასამართლოს რ2-ისთვის ყადაღა ავტომატურად უნდა მოეხსნა.

"როდესაც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა შემაჯამებელი გადაწყვეტილება, უნდა გაეუქმებინა ყადაღაც ვინაიდან, რუსთავი 2 აღარ წარმოადგენდა მოპასუხეს. თავად ქიბარ ხალვაში თავიდან ამ ყადაღის მიზნობრიობას განმარტავდა იმით, რომ კომპანიის ქონება ყოფილიყო დაცული. ამ ყადაღით ძალინ დიდი ზიანი ადგება რუსთავი 2-ის ქონებას, შესაბამსად ვეღარ ემსახურება სარჩელის ღონისძიების განხორციელება იმ მიზნებს, რაც არის გათვალისწინებული კანონით", - ამბობს იურისტი თამთა მურადაშვილი.

რუსთავი 2 -ის იურისტები დასაბუთებული განჩინების მიღებასაც მოითხოვენ იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მიიღო წარმოებაში უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელები.

ზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივარს 21 ნოემბერს განიხილავს. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობას მიუხედავად, საქმის განხილვას მხარები არ დაესწრებიან. საკასაციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 

საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ. რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები