ხელოვნება

ივანიშვილმა დე კუნინგის ტილო $59 მილიონად გაყიდა

ივანიშვილი და უილიამ დე კუნინგის ტილო
nyoobserver.com

კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი უილიამ დე კუნინგის ტილო უსახელო XXV $59 მილიონად გაიყიდა. ტილო წინასწარ შეფასებულ ღირებულებასთან - $40 მილიონთან, შედარებით $19 მილიონით ძვირად, ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. 

თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე ჯამში $239.5 მილიონის ღირებულების ნამუშევრები გაიყიდა. აუქციონზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰირსტის, ჟან დუბუფეს და სხვების ტილოები გაიყიდა. ამ ავტორების ნამუშევრებს ივანიშვილი დღემდე ფლობს.

"მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე მე გადავიყვანე”, - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კერძო კოლექციის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაცია ამ კოლექციის ღირებულების შესახებ არ არსებობს, თუმცა მისი მოცულობა მინიმუმ $900 მილიონი უნდა იყოს. ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში კი ვერცერთ ნახატსა თუ ქანდაკებას ვერ იპოვით, რადგანაც სავარაუდოდ ეს ქონება არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პანამურ ოფშორებს ან მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით. ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშების ნაწილი სოლოლაკის ბიზნესცენტრში აქვს გამოფენილი, თუმცა აქ ნახატების ასლებია, ორიგინალები კი ლონდონში საცავშია შენახული. 
 

ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში 2006 წელს $95 მილიონად შეძენილი პიკასოს დორა მაარი კატით შედის, ეს იმ დროისთვის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი უმსხვილესი თანხა იყო.

კომენტარები