თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე

სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფალი დემოკრატების ყოფილი გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლევან მექვაბიშვილს ბრალად ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება ედებოდა. 

"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. ბეისბოლის ჯოხით სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად) და მე-7 ნაწილის „ბ" (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

კომენტარები