განმეორებითი არჩევნები

საია: დაფიქსირდა კომისიის წევრთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები

საია
gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 14:00-ის მდგომარეობით, განმეორებითი კენჭისყრის დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. საია-ს შეფასებით, პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შსს წარმომადგენლები. საია-ს შეფასებით, 8 ოქტომბრის გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული ზომების მიღება პრევენციული მიზნით გონივრულია.

ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზეც საუბრობს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ დროისთვის ორი საჩივარი წარადგინეს და ორი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

კერძოდ, საია-ს ცნობით, მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი.

"უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი არ შევიდა საარჩევნო კაბინაში, მაგიდაზე გააკეთა არჩევანი და ისე ჩააგდო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში. ამომრჩევლის განმარტებით, ვინაიდან საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო, ვერ დაელოდებოდა, სანამ მოახერხებდა საარჩევნო კაბინამდე მისვლას" - აღნიშნავს საია.

ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა კომისიის წევრთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები.

"მარნეულის #48 უბანზე გადასატანი ყუთის სია შედგენილი იყო კანონის მოთხოვნების დარღვევით (მუხლი 33.5) კერძოდ, გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში არ იყო შეტანილი ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. კერძოდ, გამოტოვებული იყო (დაბადების წელი, ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საჩივრის დაწერის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია შეეცადა დარღვევის გამოსწორებას და გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

მარნეულის #48 უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის დროს საუბნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული დილის 7 სთ-დან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები (მაგალითად, პირველი ამომრჩევლის მოსვლისას უბანზე, რეგისტრატორებს არ ჰქონდათ გადაცემული ბიულეტენები და ბეჭდები.) საარჩევნო კომისიამ ეს ხარვეზი ახსნა უბანზე მყოფი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენელთა სიმრავლით და ამის გამო შექმნილი დაძაბულობითა და კომისიის წევრთა დაბნეულობით" - ნათქვამია საია-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობითვე, მარნეულის #48 სარჩევნო უბანზე ფიქსირდება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლე.

"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კენჭისყრის ოთახი მცირე მოცულობისაა და უბანზე მყოფ პირებს ხალხმრავლობის გამო, არ არის სათანადო სამუშაო პირობები. დილის 7 საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებს, რასაც არ მოუხდენია გავლენა წილისყრის და სხვა პროცედურების წარმართვაზე. ელექტროენერგიის მიწოდება ორივე უბანზე დაახლოებით ერთ საათში აღდგა. საუბნო საარჩევნო კომისიების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხმის დათვლისას ელექტოენერგიის მიწოდების მხრივ უბნებზე პრობლემა იქნება, ისინი გენერატორით არიან უზრუნველყოფილი" - აცხადებს საია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ორგანიზაციის ცნობით, განსხვავებით 2016 წლის 8 ოქტომბრის კენჭისყრის დღისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში, ასევე ამ ფუნქციის გამოვლენისას, გაყვნენ გადასატან ყუთებს. 

განმეორებითი არჩევნები ზუგდიდსა და მარნეულში, ოთხ საარჩევნო უბანზე ტარდება.

კომენტარები