განმეორებითი არჩევნები

ISFED: კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმეორებითი არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. განცხადებაში საუბარია იმ ხარვეზებზეც რაც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.

„გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა მარნეულის #36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართის სიმცირისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩევლის აქტივობის გამო, პრობლემები შეიქმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგების კუთხით. ამავე უბანზე, გადასატანი ყუთის სია არასრულყოფილად იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა. როგორც მარნეულში, ასევე ზუგდიდში უბნების მიმდებარედ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, თუმცა რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.“- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  22 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებს ზუგდიდისა და მარნეულის ოთხივე საარჩევნო უბანსა ორივე საოლქო საარჩევნო კომისიაში აკვირდება. ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს ხელი შეუწყონ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის მშვიდ ვითარებაში დასრულებას. ასევე, მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

 

კომენტარები