უსაფრთხოების წესის დარღვევა

TTC: მეტროსადგურ ნაძალადევში მატარებელი დაეჯახა მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

მეტროსადგურ ნაძალადევში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მამაკაცმა მგზავრობის უსაფრთხოების წესები არ დაიცვა.

"დღეს, თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ ნაძალადევის მეორე ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა. მამაკაცს ადგილზე, დროულად, აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო",- წერია განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები