სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

პატარია თავდასხმაზე: სიძულვილის ნიადაგი დამამძიმებელ გარემოებად უნდა განისაზღვროს

ტაბულა

იურისტი და კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარია ამბობს, რომ გუშინ, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა სავარაუდოდ სიძულვილით იყო მოტივირებული ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დამნაშავეთა წინააღმდეგ დანაშაულის ეს დამამძიმებელი გარემოება გამოიყენოს. 

"ძალიან მაღალი ალბათობით ეს დანაშაული ჩადენილია დისკიმინაციული მოტვით, კერძოდ ტრანსფობიის ნიადაგზე. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია პოლიციამ და პროკურატურამ ეს საქმე ადეკვატურად გამოიძიოს და თვალი არ დახუჭოს ამ საკითხზე. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული მოტივი იქნეს განსაზღვრული და იყოს ეს დამამძიმებელი გარემოება შემდეგ უკვე სასამართლოში, მაგრამ ამას სჭირდება მტკიცება პროკურატურის მხრიდან"- რუსთავი 2-თან ამბობს პატარია. 

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას განუცხადეს, რომ პაციენტი პოლიტრავმით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) არ გამორიცხავს, რომ მომხდარი სიძულვილით მოტივირიებული დანაშაული იყო.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება ამ დროისთვის არ საუბრობს.

კომენტარები