საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს 20 ოქტომბერს აირჩევს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს 20 ოქტომბერს აირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00-ზეა ჩანიშნული.

ამასთან, ხვალ, 13 ოქტომბერს, პლენუმი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. სხდომა 14:00-ზე გაიმართება.

"ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარს დაუჭერს საკონსტიტიციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე ჰყავს, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.
 
გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 30 სექტემბერს შეუწყდა.

კომენტარები