"ვერ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს ფუფუნებას, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ნაციონალური მოძრაობა დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, პოლიტიკურ ძალად. ვერ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს ფუფუნებას, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უთანაბრობის, გაყალბების და ზეწოლების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, პარტია შევა პარლამენტში და მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, ჩვენ გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყანად და საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ოპოზიციის აზრი და ქართველ ხალხს მომავალი 4 წლის მანძილზე ჰქონდეს გამარჯვების პერსპექტივა", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობდა, თუმცა დისკუსიის გზით პარტია საბოლოოდ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს.
"რა თქმა უნდა, პარტიაში არსებობს განსხვავებული პოზიციები და სწორედ ეს არის ენმ-ის სიძლიერე, რომ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ, როგორც ნორმალურ, ევროპულ, ცივილურ პარტიას, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, არგუმენტებით დავარწმუნოთ ერთმანეთი და მივიდეთ ერთ, შეთანხმებულ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ შემთხვევაშიც, იყო განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ დემოკრატიული პარტია, სადაც ყველა პროცესი არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და სადაც კამათის, დისკუსიის და არგუმენტების გაცვლის გზით ყველა ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიღების შემდეგ ყველა ემორჩილება", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ, 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა.





